გიორგი გახარია - ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში
ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი და მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ამომრჩეველმა ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და ემხრობა ძალაუფლების დაბალანსებას.
„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი. მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, კითხვაზე, „ვის მითითებებს ასრულებთ“, – გახარიამ უპასუხა, რომ ასრულებს ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქის მითითებებს.
„ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის, უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპარვის, შესყიდვის, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა, მიეყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგს გვიწყობს, და იმის მაგივრად, რომ ყოფილ პრეზიდენტს მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს, დღეს აწყობს აქციას, აი, ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი და მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა. ამ ხალხმა რომ ხმა მოგვცა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის მიუღებელია როგორც „ოცნების“ დაუოკებელი ჟინი, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლლება, ისე „ნაცების“ ცირკი და მასკარადი, რომელიც მოაწყვეს, რათა რევანშის უფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება.