გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
გიორგი გახარიას განცხადებით, არასწორია საუბარი, თითქოს საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა.
მისივე თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს როგორც ვირუსს, ისე ეკონომიკურ კრიზისს.
„ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა.
მათივე ცნობით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებასა და სოციალურ დისტანცირებას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული.
პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 237 პირი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.