გიორგი გახარია - ვიქნებით ღია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, შეძლოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნა
ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში, რათა ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5-პროცენტიანი ზრდა არის თუ არა მთავრობის ამბიციური მიზანი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მივა თითოეულ კომპანიამდე და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს.
„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5-პროცენტიანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა რეგიონში ხდება, თუმცა, ჩვენ, მთავრობა მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩათვალეთ, რომ ღია საჯარო დაპირებას ვიძლევი. მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული ბიუროკრატიული ან სუბიექტური პრობლემები აქვთ. მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. რა თქმა უნდა, იგივეს გავაკეთებთ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.