გიორგი გახარია - ჩვენ მივედით თითოეულ ადამიანამდე, ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე, ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე, ყველაფერ ამას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ჯანდაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„მინდა, გისურვოთ წარმატებები და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს, ექიმს, სამოქალაქო თანამშრომელს, ყველას, რათა რაც უკვე გაკეთდა და რაც მთავარია, თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით, დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერს იმას, რაც გველის მომავალში“,- განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჯერ ქვეყანაში ვირუსი არ დამარცხებულა და ყველამ უნდა ისწავლოს „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება.
„ყოველთვის ვიმეორებ და თქვენთან უპრიანია, გავიმეორო, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს თქვენთან ერთად ვებრძვით. თქვენი მიღწევა და ჩვენი მიღწევა არის ის, რომ გავრცელებას ვაკონტროლებთ, ასე უნდა გავაგრძელოთ.
უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.