გიორგი გახარია - ჩვენ გვაქვს სრულად გარანტირებული წვდომა 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსზე, რაც სისწრაფის, ეფექტურობის თვალსაზრისით დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია
საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.
„ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-მა, ევროკავშირმა, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების შესთავაზეს“,- აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველო დღეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები.
„ამან სრულად გაგვიხსნა საშუალება, დაგვეწყო უფრო ეფექტური მუშაობა საერთაშორისო დონორებთან. ამ მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ უკვე მოიპოვა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გარანტიები ბიუჯეტისა და მთავრობის მიმართულებით, ისევე, როგორც ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკასა და კერძო სექტორს დასჭირდება დამატებითი ლიკვიდობა, ჩვენ გვაქვს სრულად გარანტირებული წვდომა 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის რესურსზე, რაც სისწრაფის და ეფექტურობის თვალსაზრისით დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.