საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს – გიორგი გახარიას უსმენდნენ.
გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, კრიმინალურ პოლიციასა და საგამოძიებო მიმართულების გაუმჯობესებაზე საუბრით დაიწყო.
„რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ ნამდვილად საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას – ეს გახლავთ, პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა. აქტუალობიდან გამომდინარე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რა ეტაპზეა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული მიმართულებები ამ რეფორმების. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. უკვე ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, რომ საუბნო მიმართულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი. უკვე განსაზღვრულია მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე ახალი თანამშრომლების შერჩევას ემსახურება.
„მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.