გიორგი გახარია - ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე როგორც გამოძიებას, ისე ხელისუფლებას უმკაცრესი რეაგირება ექნება
უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაალაგებინეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.