გიორგი გახარია განმარტავს, რომ 28 ნოემბრიდან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მეტროსაც ეხება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში სპეციფიური შეზღუდვები არ წესდება გარდა იმისა, რაც უკვე მოქმედებს – პირბადის ტარება და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა.
რაც შეეხება მეტროს მუშაობას, გახარიას განმარტებით, 28 ნოემბრიდან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეხება მეტროსაც.
„ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვა გარდა პირბადის ტარების, რაოდენობის შეზღუდვის, არ წესდება. რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც საავტომობილო, ასევე მეტროც“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.