გიორგი გახარია - ჩემთვისაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო, აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა ეკლესიამდე მისვლის საშუალება
აღდგომის ღამეს ჩემთვისაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ, ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც ვეძებთ გზას, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას თუ პანდემიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის სურათი, რომელიც, მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა.
„როცა არის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, მიგაჩნია, რომ ეს არასამართლიანია, მესმის. მეც ასე მიმაჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვგონია. მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერებაც უბრალოდ არ შეიძლება – სასურსათო მაღაზიების გამყიდვლებიდან დაწყებული სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ, მაგალითად, დაემატა ასობით საინსაკაციო მანქანა, რათა პენსიები დარიგდეს. შეუძლებელი იყო, რომ აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის არ მიეცათ საშვები, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას თუ პანდემიას. ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, არის ისე, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს, ან ის სურათები, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. თუმცა, ის სურათი, რომელიც, მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის განცდა. პირადად მე, სამსახურში რომ მოვდიოდი, ქალაქში ხუთი-ექვსი-შვიდი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა. დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურეობა, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სპეციალურად ამოიღო საშვების ჩამონათვალი და ყველაზე მეტი, ათასობით საშვი აქვს მედიას.
„ზოგიერთმა უპასუხისმგებლო, ვითომ, მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა, მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად, რომ იქ ადამიანებს აღიზიანებდნენ. მესმის, რომ იდეალური არაფერია და აქ შეცდომები იყო. პირადად მეც სამართლიანი გაღიზიანების გრძნობა მქონდა, მაგრამ შეუძლებელია, ორ-სამ დღეში ეფექტურად, იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება. ამიტომ, აქ ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ. იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, ვაღიარებ და ვიტყვი – კი, აქ შეიძლებოდა ამის უკეთესად გაკეთება, მაგრამ ეს ხომ არ იყო ძირითადი ამოცანა? – ძირითად მიზანი და ამოცანა იყო მობილობის მკვეთრად შემცირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ახირება არ იყო, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება ერთი კვირით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან ერთად იქნა მიღებული.
„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, ადამიანების შეკრების ის ხარისხი, რომელიც გვქონდა, არის უბრალოდ რისკის შემცველი. ერთი კვირა მობილობის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი, რათა ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკი შეგვემცირებინა. ბზობის და აღდგომის შემდეგ ეს აფეთქება რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ეს ელემენტარულია. ვიღაც შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ეს უნდა გექნათ, ის უნდა გაგეკეთებინათ, ასე ბევრის საუბარი შეიძლება. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ობიექტური, გონივრული და არა პოპულისტური, ჭორაობის დონეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.