გიორგი გახარია - ბრიუსელსა და აშშ-ში ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“ ჩვენი დასაცავი გახდა
იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია, ვინც სახელწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, არანაირი კომპლექსი არავისთან და სიმართლისთვის თვალის გასწორების არ გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო, ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვანაირად არ შევაფასებ, სხვებმაც შეაფასეს. ახლა არ მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. მარტივ რაღაცას გეტყვით, ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს „ქართული ოცნება“. არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომლებსაც პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯები, რადგან ხანდახან ივიწყებენ და ვერ იაზრებენ, რომ ისინი მარტო პარტიას კი არა, სახელმწიფოს მართავენ და თანავიანთი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გვესმის. რამდენიმე საკითხი შემიძლია, ახლა არ ჩამოვთვლი აქ, როდესაც „ქართული ოცნება“, შესაბამისად, სახელწიფო, ჩვენი დასაცავი გახდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, მისი გუნდის ასეთი მიდგომა ყოველთვის გაგრძელდება იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია.
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ოკუპაცია ხომ არის ზეპარტიული საკითხი. ისევე, როგორცვ ვაქცინაცია და ვირუსთან ბრძოლა ზეპარტიული საკითხებია. მერწმუნეთ, რომ იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები უკვე შეთანხმდნენ, რომ დეოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი მიზანია, ეს პარტიები რაზე ჩხუბობენ, დავობენ და ჭორაობენ, მე არ მესმის. საბოლოო ჯამში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია, ვინც სახელწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ჩვენ არანაირი კომპლექსი არავისთან და სიმართლისთვის თვალის გასწორების არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.