გიორგი გახარია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი გახარია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ (British Petroleum) რეგიონულ პრეზიდენტს, გარი ჯონსს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და კორპორაციის ახალი ხელმძღვანელის პირობებში, განახლებული მისიით, სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე საქართველოსთან.

მათივე ცნობით, გარი ჯონსმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიური მილსადენის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის“ ძირითადი ნაწილის დასრულებას, რაც მიმდინარე წლის ბოლოს შესაძლებელს გახდის, რომ კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიეწოდოს ევროპას საქართველოს გავლით.

„საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რასაც აქტიურად უჭერს მხარს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისე ევროკავშირი. აგრეთვე, საუბარი შეეხო ნავთობსადენის რამდენიმე სექციის განახლებას, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

გიორგი გახარიამ გარი ჯონსს გააცნო მთავრობის ხედვა საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრა ქვეყნის საჭიროებებზე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. პრემიერმა „ბრიტიშ პეტროლეუმს“ მხარდაჭერა აღუთქვა როგორც მიმდინარე საქმიანობის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაწილში.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა მზაობა გამოთქვა, განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კომპანია გეგმავს, მნიშვნელოვნად შეამციროს ცეო2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში.

ითქვა, რომ კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება – განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა და ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.