გიორგი გახარია - ბოლო პერიოდში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, რაც მთავარია, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს
ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, რაც მთავარია, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.
გახარიას განმარტებით, ახლა ძირითადი ამოცანა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, ლოკდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა, სწორედ იმიტომ იყო გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, რადგან მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსის რისკების, დროში გავრცელების მართვის, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც, დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალეების ჯანმრთელობას.
რას ნიშნავს ეს? მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. ეს მარტივი წესებია – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელზეც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება“, – განაცხადა გახარიამ.