გიორგი გახარია - ბოლო დღეებში ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა, სიტუაციას ვაკონტროლებთ, თუმცა გვმართებს ყურადღება
ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა საჭიროა ყურადღება.
„დღეს გვიწევს, საუბარი დავიწყოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. გუშინ იყო 24 შემთხვევა, დღეს 12. ბოლო დღეებში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც არის საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის განვითარების სისწრაფეს, გვმართებს ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებში გახლავთ ისეთი, რომ ბევრი მოქალაქე შრომობს თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთიმეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.
„ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, რათა შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი. ერთიმეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.