შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში არათუ რეფორმა, არამედ რაიმე მსგავსიც კი არ განხორციელებულა, რაც შესაბამისად ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე და ახლა სამინისტროსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სწორედ ახლა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ხარისხის ამაღლება.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმების და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ხარისხი – ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ არის ასე ფართოდ წარმოდგენილი საზოგადოება დღეს. ჩვენ ვეცადეთ, ამ რეფორმების განხილვაში ჩაგვერთო მაქსიმალურად შესაძლებელი დაინტერესებული სოციალური, პოლიტიკური, პროფესიული ჯგუფები, რამეთუ კონსენსუსი იყოს მაქსიმალურად ფართო და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რამეთუ, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული არის საპროკურორო საქმიანობაზე, უფროს პროკურორზე. ამ ნაწილში ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელიც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რამეთუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ზრდა, იქ სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ამ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან კრიმინალურ პოლიციაში, საუბნო, ოპერატიული და საგამოძიებო, ერთმნიშვნელოვნად არის პოზიცია, რომ საგამოძიებო კომპონენტი შსს-ს სტრუქტურაში უნდა იყოს გარკვეულწილად ელიტა.
„ეს უნდა იყოს ის ინტელექტუალური ბირთვი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საპოლიციო საქმიანობის მაღალი ხარისხი. რა თქმა უნდა, ოპერატიულ და საუბნო მიმართულებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით პირველი რაც გავაკეთეთ, 1200-ზე მეტი გამომძიებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათი კვალიფილკაციის დონე შევაფასეთ. ამ შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გადასამზადებელი კურსების შემუშავება. ასევე, გაჩნდა საბაზისო კურსები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლავთ – საგამოძიებო და საპროკურურო ფუნქციების სინერგიის ეფექტი. ჩვენ კარგად ვხვდებით და ვაფასებთ სიტუაციას, რომ ამ საზღვრის, ამ თანამშრომლობის ეფექტური და ხარისხიანი სტრუქტურირების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარი. ჩვენი ძირითადი მიზანი – ავამაღლოთ გამოძიების ხარისხი და გავაძლიეროთ გამოძიებაზე საპროკურორო კონტროლი. სწორედ ასე და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, ჩვენი კრიმინალთან ბრძოლის სისტემა და საერთოდ მართლწესრიგი ამ ქვეყანაში ემყარებოდეს შეჯიბრობითობის პრინციპს და იყოს, რაც მთავარია, ეფექტური. აბსოლუტურად ღია ვართ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ, როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი კრიტიკა და ასევე ჩვენი მხრიდან დავსვათ ის მწვავე შეკითხვები, რომლებიც გვექნება. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს მხარდაჭერისათვის, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო მთავარ პროკურორს აქ ყოფნისთვის, მის გუნდთან ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.