გიორგი გახარია - ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, გადაწყვეტილი იქნება
გიორგი გახარია - ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, გადაწყვეტილი იქნება

გავიხსენოთ ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს უპირველესად, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობდეს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, რათა არსებულ გამოწვევებზე რეაგირება მოხდეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია, გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა საკითხი, რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტიანად გადაიჭრება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ; იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ცვლილება ბიზნესთან კომუნიკაციითა და ჩართულობით მიიღება.

„აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, თქვენი სრული ჩართულობით იქნება მიღებული, ოღონდ მოლოდინიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არა“-ს თქმა, ეს „არა“ უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე დიდი დრო, რადგან ხშირ შემთხვევაში, „არა“-ც პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „არა“-ს ყველაზე დიდხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.