გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა მქონდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ ეს კავშირი ვერ შედგა
პარტიის წინაშე არც ერთი პროცედურული ნაბიჯი არ დამირღვევია. როდესაც ვნახე, რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე, მოვითხოვე პოლიტსაბჭოს შეკრება, ეს ხდებოდა 18 თებერვალს. შესაბამისი ინფორმაცია გავაგზავნე, გთხოვთ, სასწრაფოდ მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო, სადაც გაგაცნობთ ჩემს პოზიციას, უარი მითხრეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ ჰქონია მას შემდგომ, რაც მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„მე მქონდა მცდელობა მასთან დაკავშირების სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში. მქონდა მცდელობა დაკავშირების, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე განცხადება. მე არ დამირეკავს იმისთვის, რომ მეთქვა გადავდგები ან არ გადავდგები, ასეთი აზრიც არ მქონია. რეალურად, არ დაგავიწყდეთ, რომ მე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარმადგინა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ყველა ობიექტური და გონიერი ადამიანი, ვაფასებ იმ ღვაწლს, რომელიც ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე აქვს. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, როდესაც კითხვა მქონდა, ამ კითხვაზე პასუხი არ მომეთხოვა. ის, რომ ჩემს კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ესეც პასუხი იყო, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა, ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა. დღეს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, მე ვიცი, რომ დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს, ასეთი განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის არაფერს გააკეთებდა ისეთს, რაც მმართველ პარტიას დააზარალებდა.
„მე არაფერს გავაკეთებდი რაიმე ისეთს, რომ პარტია, რომელსაც მე ვემსახურებოდი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რამენაირად დამეზიანებინა. ახლა ვიღაც გამოვა და დამდებს ბრალს, თურმე „ნაციონალებთან“ რაღაც კავშირი მაქვს. ვერ ერთი ეს ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის“, – აღნიშნა გახარიამ.