გიორგი გახარია - ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, წიგნი წაიკითხეთ, კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით
როდესაც ვაიექსპერტები, თავიანთ საქმეში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა არჩევნების წინ პოლიტიკურად დააკონვერტირონ, სრულიად მიუღებელია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საწოლფონდისთვის გამოყოფილი 48 მლნ ლარით ახალი საავადმყოფო აშენებულიყო, როგორც ამას ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ.
პრემიერმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთი საავადმყოფოს აშენება, ხუთი ათასი საწოლით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯდება.
„რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადყოფო რომ ააშენო, ერთი საწოლი ადგილი ჯდება დაახლოებით 80 ათასიდან 120 ათას დოლარამდე. ქვეყანაში ხუთი ათასი საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით.
ჯერ ერთი, ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს, მერე მეორე, მუდმივ მზაობაში უნდა გვყავდეს ხუთი ათასი საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში გადანაწილდება ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა და კიდევ სხვები.
ხუთი ათასი საწოლფონდი გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს ადგილები თავისუფლად უნდა შეინახოს ახალ წლამდე. მეტსაც გეტყვით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დამატებით ხუთი ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შემდგომ შეიძლება უფრო ნაკლებზე, ეს მუდმივი პროცესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც გლობალური გამოწვევაა, ექსპერტები კი თავიანთი ცოდნის და რესურსის პოლიტიკურ აქტივში კონვერტირებას ცდილობენ, ამორალურია.
„როდესაც ვაიექსპერტები, თავის საქმეში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ ერთმანეთთან შეაზავონ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია. ეს გლობალური პრობლემაა ხალხო, ეს ხომ არ არის საქართველოს პრობლემა.
როდესაც გლობალური გამოწვევაა, იმის ნაცვლად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით, მიეხმარო ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის ნაცვლად ამის კონვერტირება პოლიტიკურ აქტივში იმიტომ, რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და გინდა, რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე, მიუღებელი და ამორალურია“, – განაცხადა გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი