ერთმნიშვნელოვნად ყველა ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დმანისში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დმანისი ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.
„მოგესალმებით დმანისელებო. როგორც კახიმ თქვა, ეს ფაქტი მეცნიერების მიერ დადასტურებულია და პირველი ევროპელების სამშობლო არის აქ. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველას უნდა გავაგებინოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად ეს კუთხე, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საქართველოში, დმანისი ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს რა თქმა უნდა, არის პერსპექტივის, დიდი მომავლის საწინდარიც. აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიდა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, რაც პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, რათა დმანისში ადამიანმა შეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება.
„სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. დმანისი და კიდევ 9 სოფელი. ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, რომ ადამიანები დმანისში დავაკავოთ, რომ ახალგაზრდები დმანისში ბრუნდებოდნენ, რომ აქ იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ დმანისში ახალგაზრდებს შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება. როდესაც თბილისში ჩავლენ, იქ თბილისელ ახალგაზრდებს მაგარი კონკურენცია გაუწიონ .დმანისში ჩვენი მოხუცები, პენსიონერები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც დიდ ქალაქებში, ღირსეულად. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარია ის, როგორც მთავრობა ცდილობს მიეხმაროს ყველა კუთხეს და მათ შორის დმანისსაც. ჩვენ ხომ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ბევრია სიღარიბე. ბევრი გვაქვს ერთად საშრომი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ისეთი, როგორც ეკუთვნის ამ კუთხეს და ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს მოქალაქისთვის უკეთესი პირობების შექმნაა და ამისათვის, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი კეთდება.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს, რომ ჩვენს ოჯახზე და ჩვენს ახალგაზრდებზე ვიზრუნოთ უკეთესად. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, შესაბამისად იმ ეკონომიკური შესაძლებლობებისა, რაც გვაქვს, ამას ვანაწილებთ სამართლიანად. პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, შემდეგ წესრიგში უნდა მოვიყვანოთ სასმელი წყალი, შემდგომ საირიგაციო წყლები, შემდგომ სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი არის ბოლომდე მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი.
„ამისთვის, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად არის კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და ჩვენი ხვალინდელი დღე – ერთად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ – „ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – იმიტომ რომ მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, ბევრი ვიდავოთ, ბევრი დისკუსია იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს აქ უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ერთად მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.