გიორგი გახარია - ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე ამ ბოლო დროს, წერილი, ოქმი
საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარისას აღნიშნა.
გახარიას თქმით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი ხდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“,- განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი წარმატებით რომ განხორციელდეს, მას პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები სჭირდება.
„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ამაზე კიდევ რა შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული, უცხოელი, ჩვენთვის ძალზეც მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცებს აბრალებენ, არასერიოზულია“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.