გიორგი გახარია - ბათუმის სტადიონი აშენებულია ხორუმის აქცენტებით, რომელიც მებრძოლი ქართული ხასიათის სიმბოლოა, ხორუმის ჰანგებით გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით
გიორგი გახარია - ბათუმის სტადიონი აშენებულია ხორუმის აქცენტებით, რომელიც მებრძოლი ქართული ხასიათის სიმბოლოა, ხორუმის ჰანგებით გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით

დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც  ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიას თქმით, სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

„დღეს, ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება ახდა. დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო. რაც მთავარია, მიუხედავად ამ მძიმე გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს,  ახალ საზღვაო აკადემიებს, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას და რასაც ჩვენ ვეძახით პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე. მოგეხსენებათ, რომ ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ და ვგრძნობთ რა, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ეს სტადიონი ხორუმის აქცენტებით არის აშენებული.

„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, თითოეული გუნდისთვის, ბათუმის დინამოსთვის, თითოეული გუნდისთვის, რომელიც ამ მოედანზე იასპარეზებს. გარდა ამისა, ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ამ ხორუმის ჰანგებით, გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით, დავამარცხებთ კოვიდსაც, ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად, აქ, სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებას, გილოცავთ ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.