გიორგი გახარია - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გავუმკლავდეთ მძიმე გამოწვევას
გიორგი გახარია - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გავუმკლავდეთ მძიმე გამოწვევას

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაფერს გააკეთებს, რომ აჭარაში და მთელ საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ მძიმე გამოწვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, რეგიონში მოქმედებს სხვა სამედიცინო ცენტრებიც.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და პაციენტების მისაღებად, შემდგომი მათი მკურნალობისთვის. აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, ფუნქციონირებს ასევე ქობულეთში კიდევ ერთი კლინიკა.

რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და საერთოდ, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მებრძოლი, ასეთი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ ბრძოლას, ამ გამოწვევას და მინიმალური დანაკლისებით და დანაკარგებით ქვეყანამ გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა და მძიმე გამოწვევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.