გიორგი გახარია - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება
გიორგი გახარია - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება

„აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი თუ იყო 24 თვე, გახდება 36 თვე.

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა კერძო მეწარმეების მხარდაჭერის თვალსაზრისით. უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, გარდა მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისა, რომელსაც მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევის თვალსაზრისით, რეალური პრობლემები აქვთ, ასევე ჩვენ წავახალისოთ ის ადამიანები, რომლებსაც წამოწყებული ჰქონდათ უკვე გარკვეული მზა პროექტები ან დღეს დაინახავენ ახალი პროექტების შესაძლებლობას, რომლებიც ასევე შეიძლება უახლოეს პერიოდში გამოჩდეს.

სესხისა და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი თუ იყო 24 თვე, გახდება 36 თვე. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით იმ მეწარმეებს, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ ამ პროგრამებით. საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზრდება.

ჩვენ ერთი პერიოდი ვმუშაობდით იმაზე, რომ „აწარმოე საქართველოს“ მიზნობრიობა გაგვეზარდა. ახლა ვხვდებით, რომ უკვე სხვა დროა, ახლა უკვე უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება და სესხის ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების გაზრდა, ეს ის ინსტურმენტებია, რომლებმაც არსებულ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ „აწარმოე საქართველოს“ ინსტრუმენტებით ან კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტებით სარგებლობას, სახელმწიფო უმარტივებს რესურსზე წვდომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.