გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა და „იუესეიდის“ (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ განიხილეს საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
აღინიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და „იუესეიდს“ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.
გიორგი გახარიამ და ბონი კლიკმა ისაუბრეს „იუესეიდის“ სამომავლო პროგრამებზე. ყურადღება გამახვილდა ხუთწლიან გეგმაზე, რომელიც როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებზე იქნება მორგებული.
„იუესეიდის“ ადმინისტრატორის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ხედავს, თუ რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრისას, აგრეთვე, საუბარი შეეხო „იუესეიდის“ პროგრამას – „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელება, რომელიც ქალ მეწარმეთა და ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.
„იუესეიდის“ მიერ „იეს-ჯორჯიას“ (YES-Georgia) პროგრამის გაფართოება მეწარმე ქალთა ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. 2024 წლის დასაწყისისთვის, YES-Georgia უზრუნველყოფს 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, „იუესეიდის“ მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.
მთავრობის მეთაურმა ამერიკულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა „იუესეიდის“ ახალი პროგრამების მიმართ, რომელთაც დიდი როლი აქვთ საქართველოს სამთავრობო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ პარტნიორობას.
„იუესეიდის“ საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, წარმატებული პარტნიორობის პირობებში, ამერიკელმა ხალხმა ქვეყანას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „იუესეიდის“ მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს მხრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.