გიორგი გახარია - ასეთი გამოწვევების, კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები
ასეთი გამოწვევების, კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტაზე ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს წარმატებით და ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. მე დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მაგრამ ამის შემდგომ ქვეყანა უკვე დგება ახალი გამოწვევის წინაშე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭირვალე არჩევნები. თუნდაც ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების პარალელურად, რა თქმა უნდა, ეს არის ის გამოცდილება, რომლის სისტემატიზაციაც, სტრუქტურირებაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ, უნდა შევისწავლოთ საკმაოდ ღრმად და დავტოვოთ ეს მეხსიერება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პანდემიის დროს გატარებული ღონისძიებები საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერებაზე მიანიშნებს.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთვრობამ გაატარა თქვენთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში, გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება. მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ჩვენს მოქალაქეებთან საუბრის დროს, რომ ასეთი გამოწვევების, ასეთი კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, როგორც ჩვენ დღეს ვცდილობთ. ყველას კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით ეკონომიკურად, საქართველო არის გარდამავალი ქვეყანა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.