დიდი პატივია, საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, უძველესი სოფლიდან, სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, რამეთუ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იყო წარსულში. მაგრამ წარსული არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს, წარსულის გასახსენებლად ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა და ჩვენ, მას პატივი უნდა მივაგოთ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსმა დიდმა ქართველებმა არ გაწირონ სიცოცხლე საქართველოს ერთიანობის აღსადგენად, ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოლნისში, სოფელ ტანძიაში განაცხადა, სადაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ერთიანობა შესაძლებელია აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შედეგად და სწორედ ეს არის ხელისუფლების ძირითადი მიზანი.
„ქვეყნის ერთიანობა შესაძლებელია აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შედეგად და ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნის ცენტრში ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი. ყველას კარგად მოგეხსენებათ ჩვენი წარსული 2012 წლამდე და ყველა ობიექტურმა ადამიანმა იცის, რამდენად ჰუმანური გახდა სახელმწიფო სისტემა ამ წლების შედეგად. ეს ყველაფერი არ იყო შემთხვევითი. ეს ყველაფერი იყო იმ დემოკრატიული რეფორმების შედეგები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, დაწყებული პენიტენციური სისტემიდან, დამთავრებული სამართალდამცავი სისტემით, საპარლამენტო ცვლილებებით და ა.შ. ამ ყველაფერმა ჩვენ როგორც შედეგი, მოგვიტანა ბევრად უფრო ჰუმანური და რაც მთავარია, სამართლიანი ქვეყანა და სახელმწიფო,“ – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესის და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და აგრეთვე, იქნება სამართლიან ბრძოლაში გამარჯვების არჩევნები.
„ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების სისტემა და ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შემდეგი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სისტემა არის მიმართული მომავლისკენ. ჩვენმა შვილებმა, მაშინ როდესაც ბოლნისში მიიღებენ განათლებას, ჩავლენ თბილისში ან მოუწევთ თავიანთ უცხოელ თანატოლებთან კონკურენცია, მათ უნდა იცოდნენ და მათ თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მოხუცები, ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში შრომობდა ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მათი მოხუცებულობა და მათი პენსია უნდა იყოს ღირსეული. ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს სამართლიან პირობებში, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს ის საქართველოა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ის საქართველოა, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო სამართლიანი, ჰუმანური, ღირსეული, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეფექტიანიც და აქ, როდესაც ვსაუბრობთ ეფექტიანობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ჩვენს თავს, სახელმწიფოს და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი შრომა იყო გაღებული, ბევრი ფინანსური ინვესტიცია იყო ჩადებული მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, მაგრამ როგორც ვიცი ზაფხულში მაინც გარკვეული პრობლემები არის წყლის დებეტთან და 24-საათიან მომარაგებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ყველანი ობიექტურად როცა ვაფასებთ ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა დავამთავროთ. ყველა ვხედავთ და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდე უფრო უკეთესი. არჩევანი აქ მარტივია, ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი. გვაქვს კონკრეტული გეგმა. არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, სად, რომელ სოფელში რა არის გასაკეთებელი. სად გზა არის აღსადგენი, სად სკოლა, ან საბავშვო ბაღია საჭირო. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაც მთავარია – ჩვენ ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი – სამართლიანობის შეგრძნება. სამართლიანობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს აძლევს ძალას, წყნარ, მშვიდ გარემოში მოახდინოს თავისი მომავალი თაობის და თავისი რეალიზება იმისთვის, რომ გააძლიეროს ოჯახი და ქვეყანა. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი არის ბოლნისი, თავისი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ისტორიული პოტენციალით, ადამიანებით, თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობითაც. ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, საიდან ვართ, საიდან მოვდივართ, რა ტრადიციების შვილები ვართ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმა გვაქვს. მერწმუნეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად და ზუსტად ვიცით. მერწმუნეთ, რომ გამოცდილებაც გვყოფნის და ქვეყნისთვის შრომის თავდადებაც. ასეთი ადამიანია გოგი მეშველიანი – ჩვენი გუნდის წევრი, უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცნობთ. ეს კაცი იქნება ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ცოტა განსხვავებულად, სხვა საარჩევნო სისტემით, მაგრამ ჩვენი არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა. ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი გამარჯვების არჩევნები, რაც მთავარია სამართლიან ორთაბრძოლაში გამარჯვების და ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ, ბოლნისელებო“, – განაცხადა პრემიერმა.