გიორგი გახარია - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო და ბიზნესკლიმატი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ
გიორგი გახარია - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო და ბიზნესკლიმატი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ

ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზენსგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტერასთან“ მიმართებაში დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მისი თქმით, „ფრონტერასთან“ მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო და ამ დავის შედეგად საძიებო ტერიტორიის 99 პროცენტი დაიბრუნა.

„ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის, იმ ტერიტორიის 99 პროცენტი მთავრობამ დაიბრუნა. ერთ პროცენტზე, რომელზეც საქართველოს სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული მხარით შეეძლო, დაბრუნების პროცესი დაეწყო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა, რადგან ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვესტიცო კლიმატი, ქვეყნის ბიზენსგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე – არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და მესამე საკითხი, რა თქმა უნდა, არიან ქართველი დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.