გიორგი გახარია - არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს იმდენად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ შესაძლებლობა, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერი ამ შეფასებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სადაც არ ექნება ადამიანისთვის მნიშვნელობა, ლენტეხში ცხოვრობს, თბილისში, ცაგერში, რუსთავში თუ ბათუმში, ყველგან თანაბარი პირობები უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის, ყველასთვის, და ეს უნდა იყოს ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება დასჭირდეს დრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრესი, რომელსაც ვაჩვენებთ, არის აშკარა და არის ფაქტი, რომელსაც ეთანხმება ყველა. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მომავალი ყველაზე დიდი მიზანია და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო ეფექტური. ყველას მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მძიმე გლობალური პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხი კარგად უმკლავდება ეპიდემიას და შეიძლება ითქვას, რომ მწვანე მუნიციპალიტეტია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ, უნდა მივიღოთ სერიოზულად, უნდა გავითვალისწინოთ ის რჩევები, რომელსაც ექიმები გვაძლევენ და წყნარად, მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნების დღემდე. რაც მთავარია, არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, პროვოკაციებით ელემენტარული ზიანი მაინც მიაყენოს 31 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ, ღირსეულად გადავიტანოთ ეს დღე და ღირსეულად გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა მთის კანონზე და ხაზი გაუსვა, რომ მთის მიგრაცია დღეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.
„დღეს, აქ თქვენთან ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ყველაზე მთავარია ხვალინდელ დღეზე საუბარი, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ და რომლებმაც უნდა გამოაცოცხლოს ქართული მთა. საქართველოს 70 პროცენტამდე არის მთის რეგიონები. მთა უნდა იყოს საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. უპირველესად, საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ყველამ მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ თქვენ მთას ინარჩუნებთ. მთის მიგრაცია დღეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და სწორედ ამიტომ იყო მიღებული კანონი, რომელსაც მთის კანონი ჰქვია და რომელიც ქმნის ელემენტარულ პირობებს, რათა ადამიანებს მთაში და მთიან მუნიციპალიტეტებში ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი გაგრძელდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ამ კანონის უპირატესობების გარდა, არის ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – გაზი, გზა, წყალი, საბავშვო ბაღები, სკოლები, ნორმალური ჯანდაცვა.
„ამ მიმართულებით, ჩვენ ყველგან გვაქვს სერიოზული პროგრესი. უპირველეს ყოვლისა, მინდა გზებზე გავამახვილო ყურადღება და თქვენ იცით, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზა, რომელიც უმნიშვნელოვანესია და რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში დამთავრდება და უბრალოდ, ფიზიკური წვდომის საშუალების უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ. ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რომ ლენტეხის 24-საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ პრობლემაა და მუნიციპალიტეტში წყალი არის გრაფიკით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პროექტი უკვე შექმნილია, უახლოეს პერიოდში მუშაობა დაიწყება და წელიწადი, წელიწადნახევარი დასჭირდება იმას, რომ მუნიციპალიტეტში სრულად იყოს წყალი 24-საათიანი მომარაგებით და ა.შ. ყველაფერ ამას ჩვენ ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.