გიორგი გახარია - არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, ეს იყო დიდი გამოწვევა
დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, თუ რა იქნება ხვალ.
მისივე განცხადებით, ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს, არა თუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც აღმოვჩნდით კრიზისის პირისპირ, იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გაურკვევლობის მაღალი დონე. გახდა აუცილებელი გადაგვედგა ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა, პირველ რიგში,შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ ასცდენია. პანდემიიდან გამოსვლის ეტპაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ დღეს, რისთვისაც სათანადო არგუმენტები არსებობდა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ, დღეს, ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, მათ შორის, მოლები, ასევე ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთ კვირის თავზე, ეს იქნება 8 ივნისს, უკვე სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორანი და ასევე, ის სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.