გიორგი გახარია - არავინ არავის დაჰპირებია ფასის დაფიქსირებას, ჩვენი დაპირება ეხებოდა ფასების სპეკულაციურ მერყეობას და კურსთა შორის სხვაობას, რაც შევასრულეთ
შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან, გავაკეთეთ ქვეყანაში ცხრა აუცილებელ პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვიძთ გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეეხება მომარაგებასა და ლოგისტიკას, პანდემია არის გლობალური. პანდემია არის გლობალური არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური გამოწვევა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას მიხვდნენ ძალიან სწრაფად. ჩვენთვის ამის პირველი მესიჯები იყო, როდესაც ჩვენმა მეზობელმა, ან ჩვენმა მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე უბრალოდ გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ა.შ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში ცხრა აუცილებელ პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომლებიც დღესაც გვაქვს და რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით. ახლა გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შეიქმნა პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასის დაზღვევას.
„ახლა არ მინდა, აქ არავის სპეკულირების საშუალება მივცე. არავინ არავის დაჰპირებია ფასის დაფიქსირებას. ჩვენი დაპირება იყო, ფასების სპეკულაციური მერყეობა და რა თქმა უნდა, კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად, შაქარზე და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა. ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად იქნა გაკეთებული. გარდა ამისა, ბატონი ლევანის და საერთოდ ამ ჯგუფის, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობდა, დამსახურებაა, რომ ქვეყანაში უდიდესი დეფიციტის მიუხედავად, როგორც პირადი დაცვის საგნებზე, მათ შეძლეს, რომ ძირითადად, გარკვეული პატარა პრობლემების გარდა, ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ და მინდა, მადლობა გადავუხადო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში საკმაოზე მეტი რაოდენობით პირბადეები იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია უბრალოდ ამ მსხვილი შესყიდვების გამო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.