გიორგი გახარია - არანაირი პრობლემა სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასა და გამოძიებასთან არ გვაქვს
არანაირი პრობლემა სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასა და გამოძიებასთან არ გვაქვს, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს ინტერესშია, რომ ამ საქმეზე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„შსს, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა
ასეთი სახის სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასა და გამოძიებასთან არ გვაქვს. ასევე, არ გვქონდა პრობლემა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან, შემდეგ უკვე, ამ საგამოძიებო კომისიის წინ წარდგენასთან.
ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა კითხვის ნიშანს დაესვას წერტილი და გაეცეს საბოლოო პასუხი, როგორც საზოგადოებას ვპირდებოდით. ოღონდ, ისე არა, ვიღაცას რომ მოუნდება ემოციურად და პოლიტიკური კონტექსტით აცხადებს საქვეყნოდ, რომ ეს ადამიანი დასაკავებელია ან ეს ადამიანი გასაშვებია, ასე არა.
როდესაც სამართლებრივი სტანდარტი შეიქმნება, მაშინ ვმოქმედებთ ჩვენ. ზუსტად ასე იქნება სამოხელეო დანაშაულთან მიმართებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუ რაიმე კითხვები დარჩება, ამ კითხვებს გაეცეს პასუხი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.