გიორგი გახარია - არანაირი მონაცემები არ არსებობს, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ჩაიკეტოს, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი“ ხედვა განაცხადა, მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.
„ამას წინათ ვკითხულობდი, რომ არსებობსო რისკი, საკმაოდ აქტიურად განიხილება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება, თბილისი ჩაიკეტოს. ნუ, სასაცილოა.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიის ადაპტაცია მოვახდინოთ და ახლა სწორად, ეფექტურად ვმართოთ. არანაირი მონაცემები, რომ 20 ივნისისთვის თბილისი და კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, არ არსებობს, დღეს ამ წუთისთვის, ამ საათისთვის. 20 ივნისამდე ოთხი დღეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“,- განაცხადა გახარიამ.