გიორგი გახარია - არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა
არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება გაგრძელდეს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება და ის, რაც დაწყებულია სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის კუთხით.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ 2020 წლისთვის უნდა გავაგრძელოთ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ – საგამოძიებო სისტემის რეფორმირების, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შსს-სა და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც წინა წლებში, ასევე 2020 წელს, ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტული იქნება.
„მინდა გითხრათ, რომ 2020 წლისთვის გააქტიურდება უფლებების საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი, ისევე, როგორც ყველა ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.