გიორგი გახარია - არანაირი დისკომფორტი არ მაქვს თუ ვინმე მითვალთვალებს, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ
ჩოხატაურში პარტიამ „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა. ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გახსნა. მან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„საერთოდ ჩემთვის და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ ჩვენი პარტიის ოფისს ვხსნით. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით თავიდანვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ვართ მომხრე, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ძლიერი რეგიონების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი მთავარი პრინციპი არის სამართლიანობა და კანონი ყველასთვის. კეთილსინდისიერი ახალგაზრდა პროფესიონალები.
სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის რას ნიშნავს, მაგალითად, რომ ჩვენ არავის არ ვებრძვით. რას ნიშნავს, პოლიტიკაში გაიმარჯვო, მაგრამ შენი კონკურენტი და მოწინააღმდეგე ვინც არის, შენი გამარჯვება მის საბოლოო განადგურებას არ ნიშნავდეს. რას ნიშნავს, რომ არ ლანძღავ შენს წარსულს, შენს ოპონენტს. საერთოდ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში და ტელევიზორს რომ ჩართავ, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდებს არც უნდათ საერთოდ პოლიტიკისკენ გახედვა და ხშირ შემთხვევაში, რცხვენიათ კიდეც. როდემდე შეიძლება ქართველებმა ერთმანეთი ვლანძღოთ და თან ლანძღვა, გინებით და ჩხუბით ერთმანეთს ვუმტკიცოთ, ვის უფრო გვიყვარს სამშობლო.
ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენ ამ გეგმას მივუყვებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი გამოწვევები ცოტა სხვა არის, ეს არის ის პოლიტიკური გამოწვევები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე წლებია, ინფრასტრუქტურულად ჩამოყალიბებული არიან.
რა თქმა უნდა, ეს პროცედურები მათთვის ბევრად მარტივია, ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება ცოტა მეტი დრო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ბევრად ხარისხიანად. ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს დროს, არსად არ გვეჩქარება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მივყვებით გეგმას. დავდივარ რეგიონებში და ვხსნით ოფისებს, არ გვაქვს ჯერ წარდგენები, რადგან ჩემთვის კანდიდატების წარდგენა პირდაპირ კავშირშია პროგრამის წარდგენასთან და ამას გავაკეთებთ ეტაპობრივად, სექტემბერი ამისთვის წინ გვაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა თანაპარტიელის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე, რომ „ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების რეგიონებში შეხვედრებს აკვირდებიან“.
გახარიას თქმით, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, სახელმწიფო რესურსი ამაში იხარჯება.
„არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი ამაში იხარჯება. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ. ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მე მითვალთალონ, არ მაქვს პრობლემა“, – ამბობს გიორგი გახარია.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ ეუხერხულება აღნიშნული პოზიცია იმის ფონზე, რომ მისი პრემიერობის დროს ჩატარებული არჩევნებისას ჟურნალისტებს უსმენდნენ და ხმამაღალი განცხადებები არ კეთდებოდა“, გახარია აღნიშნავს: „ არ მეუხერხულება. ყოველთვის მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თუ რამე გადაცდომა, ან შეცდომა იყო, მეღიარებინა. ასეთი შემთხვევები არსებობდა და ვცდილობდით, რეაქცია გვქონოდა, თუმცა განსხვავება არის ის, რომ ამან სისტემური ხასიათი მიიღო“.