გიორგი გახარია - არ უნდა მოვდუნდეთ, კორონავირუსთან ერთოლივი ბრძოლის ეფექტიანობა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ
არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ კორონავირუსთან ერთობლივი ბრძოლის ეფექტიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
„ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის შედეგები, რასაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლის. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკასა და ჩვენს მოქალაქეებზე ზეგავლენის მინიმიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა.