გიორგი გახარია - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს ასეულ ან ათეულამდე დავიყვანთ, ჩვენი მიზანია, ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე შევაჩეროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული ქვეყნის რესურსი იმისათვის, რომ ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიადგეს და ეპიდემიის გავრცელების კუთხითაც მუშაობა შედეგიანი იყოს.
გახარიას თქმით, ორთვიანი შემზღუდველი ღონისძიებების მიზანი ეპიდემიის გავრცელების სისწრაფის შეჩერება და ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების შემცირებაა.
„ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი. ყველას კარგად გვესმის, ეს ინსტრუმენტები რაც არის. ეს არის პირველ რიგში ლოკდაუნი, მეორე ოფცია არის, არაფერს არ ვაკეთებთ და ცხოვრებას ვაგრძელებთ ისე, როგორც ვაგრძელებთ. მესამე ოფცია არის, უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. როცა წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავე დროს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რა არის აქ პრინციპული და სისტემური სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით? – როცა პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ მსოფლიოში არავის წარმოდგენა არ ჰქონდა ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და კონკრეტული ღონისძიებებით.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გეგმა პირველ რიგში, არის დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება. ამიტომ გახდა ეს გეგმა გუშინ ასე წვდომადი ინტერნეტრესურსებში, როცა ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ასევე ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები. ამაში მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა. მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მრჩევლები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანი არის, ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე, ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულ, ან ათეულამდე. ეს ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი მიზანია, ორთვიანი ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ, უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ეფექტურად, ბუნებრივად უნდა შეამციროს ტრაგიკულად ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.