გიორგი გახარია - არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, ეს არის თქვენთან შეხვედრის ძირითადი მიზანი, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ჩვენი ქვეყნის განვითარება და მიმდინარე ანგარიშიც ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და რემიტანსების ბაზაზე, სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები.
ჩვენ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმი გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, შემდგომ უკვე ტრანსპორტი და შემდეგ უკვე სასტუმრო. ყველა ის ეტაპებია, მინიმალურად აუცილებელი, კოვიდის საწინააღმდეგო ზომები და წესები, რომელიც უსაფრთხოებისთვის უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რადგან არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, და ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, განვითარდეს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, თქვენთან ერთად ამ ვირუსის გამკლავება. ყოველთვის ვამბობდი თავიდანვე, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე – პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში, ეკონომიკურად. შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ახალ სამწუხარო პირობებში, მაგრამ, ეს არის ის, რაც ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე.
რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე შედარებით ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.