გიორგი გახარია - არ იქნება მარტივი, მაგრამ როგორც გავუმკლავდით ერთად ვირუსის პირველ ტალღას, ასე უნდა გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც
ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ბავშვები, ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას მომავალი ოთხი წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზმომარაგება, წყალი, მაინც ისეთ საკითხებში, როგორიც არის წყალმომარაგება, სასმელი და საირიგაციო წყალი, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ წესრიგში, ისე როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა თუ თბილისში, მას ყველგან უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმ აშკარა პროგრესისა, რომელიც სისტემურ ინფრასტრუქტურაშია, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
„ძირითადად ეს იქნება წყალი, გაზმომარაგება, საირიგაციო, სარწყავი წყლები, გზები და ა.შ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი შვილები, ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა. დღეს, სამწუხაროდ, ყველას პირბადე გვიკეთია და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. როგორც დღეს ეპიდემია არის გლობალური, კონკურენციაც იქნება გლობალური, ჩვენს შვილებს მოუწევთ დიდი და სისტემური ქვეყნების შვილებთან კონკურენცია. ამიტომ, განათლება, ჯანდაცვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.
„ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვიწევს გამოწვევებით სავსე პერიოდში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პანდემიას. რამდენადაც გასაკვირი და რთულად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც. ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს.
„მე ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრი ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა გავუძლოთ ღირსეულად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.