გიორგი გახარია - არ გვაქვს უფლება, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეული ჩვენი ნათქვამი სიტყვა შესრულდეს
არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს, ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა დღეს გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტ პროგნოზს ვერავინ გვეუბნება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი. ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და გუნდი ვალდებულია, რომ გეგმები დასახოს მაქსიმალურად კრიზისის სავარაუდო დროზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დღეს ეს დახმარება მწირია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რაც არის მთავრობისა და ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობა, ყველაზე მძიმე და ცუდი სცენარებისთვის, რასაც ვაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მთავრობა უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს და ასეთი დახმარება იქნება მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას.
„როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებები და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი, ასეთი დახმარება იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.