გიორგი გახარია - არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, მუშაობას აგრძელებდა 65 000 კომპანია, რაც ათობით ათასი სამუშაო ადგილი იყო
ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია – მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში 65 000 კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ქვეყანაში შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბები, რაც იყო ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მთავრობას ერთი მხრივ ემართა ვირუსის გავრცელება და მეორე მხრივ, ბოლომდე არ გადაკეტილიყო ეკონომიკური საქმიანობა.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ქვეყანაში შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბები, რომელიც იყო შექმნილი უშიშროების საბჭოსთან. ამ შტაბის ქვემოთ შეიქმნა იგივე ფორმის შტაბები რეგიონულ დონეზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გუბერნატორები. ეს იყო უაღრესად ქმედითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა შესაძლებლობა, გვემართა ვირუსის გავრცელებაც და ბოლომდე არ გადაგვეკეტა ეკონომიკური საქმიანობაც. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია. მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში 65 000 კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან ეს სამუშაო ადგილები გამხდარიყვნენ ინფექციის წყარო, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად და გვესმოდა, რომ რისკების შეზღუდვის თვალსაზრისით იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც გვქონდა გადაკეტილი იმის გამო კი არა, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და იქ ინფექცია არ შესულიყო. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არ ყოფილა არცერთ დღეს მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვყავს ეპიდემია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.