გიორგი გახარია - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს
გიორგი გახარია - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი.

„საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი – წარმატებით რომ განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ამაზე კიდევ რა შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არცერთი სერიოზული, უცხოელი, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცებს აბრალებენ, არასერიოზულია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს, ამ პროექტის განხორციელება.