გიორგი გახარია - ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ დაკარგული პოზიციების აღდგენა
ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ დაკარგული პოზიციების აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მართავენ პროცესს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების პიკი იყოს მართვადი.
„პიკი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ჩვენი მართვის ხარისხი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ. როდესაც ვამბობთ სამოქალაქო თვითშეგნება, პასუხისმგებლობა, ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო საერთოდ შეცვლილია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების შედეგად. მსხვერპლს როდესაც ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რმ ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომელთა დაკარგვაც, ფაქტობრივად, მოგვიწევს“,- განაცხადა გახარიამ.