გიორგი გახარია - ალბათ პატარა ხარვეზი დავუშვით, რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებებისთვის, ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ
ალბათ პატარა ხარვეზი დავუშვით, რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებებისთვის, ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ძირითადი ამოცანაა, ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს.
„ჩვენ პირველ ტალღას როდესაც ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან. თითოეულ ჩვენს ნაბიჯს ჩვენს მოქალაქეებს ვუხსნიდით. რა თქმა უნდა, შემდგომ ამას ვაგრძელებდით და ალბათ რაღაც პატარა ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ ამ პოლიტიკური სპეკულირებებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს. ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური, რომ სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან ერთად და რა თქმა უნდა, მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინიტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად და ტრანსფარენტულად ყველა ის საკითხი, თუნდაც მტკივნეული საკითხი, რომელიც ხარვეზებს ეხება, აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული და ამაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.