გიორგი გახარია - ახალქალაქის ინციდენტისას დაზარალებული ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს პროცესი გაჭიანურდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროცესი დროში იმის გამო გაგრძელდა, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ორივე მხარეს ბრალი წარედგინოს.
„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო – დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო გაჭიანურებული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ აქტივისტებს ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს ადანაშაულებდნენ. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას. ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.