გიორგი გახარია - ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს
ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
შს მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ის გამოთქვამს წუხილს, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა.
„არ აქვს არანაირი საბაბი წუხილისთვის. რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუ არ ვცდები, პირველ დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა იყოს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება თავის ვადებში. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართვლოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს წუხილს, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, შესაბამისს ცვლილებების კანონმდებლობაში დღეს მოეწერა ხელი.