გიორგი გახარია - აღსანიშნავია, როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ ხელი საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში და პატარა ქვეყანამ როგორ მოვახდინეთ მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება
მართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ ხელი საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ მოვახდინეთ ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
გიორგი გახარიამ დიპლომატებს 2020 წლის განმავლობაში, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მინდა, დავიწყო მადლობით. მინდა, გულწრფელად მოგახსენოთ მადლობა პირველ რიგში, იმისთვის, რაც დიპლომატიურმა კორპუსმა გააკეთეთ 2020 წლის განმავლობაში, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების და მათი ჯანმრთელობის დასაცავად. იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც თქვენს ქვეყნებში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო – ზოგი შრომობდა, ზოგი სამკურნალოდ იყო, ზოგი სწავლობდა. მართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ მოვახდინეთ ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება. ეს მერწმუნეთ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა და დააფასა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.