გიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და განხილული იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ლიდერები ასევე შეეხებიან „კოვიდ-19“-ის პანდემიას და ზომებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჩატარება 18 ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო სამიტი 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.