გიორგი გახარია - აღმასრულებელი ხელისუფლება ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს
გიორგი გახარია - აღმასრულებელი ხელისუფლება ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს

მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ბევრ შეკითხვას მიზანმიმართულად გავიმეორებ, უბრალოდ მინდა, ჩვენმა მაყურებელმა და მოქალაქეებმა ეს კითხვები კიდევ ერთხელ გაიგონონ. ზოგიერთს განსაკუთრებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში.

კითხვაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების ჩამოწერის საკითხი მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს და მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით.

„ახლა ძალიან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. მინდა, გითხრათ, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც იყო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს, ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს“, – დასძინა გიორგი გახარიამ.