გიორგი გახარია - აღარ არის ქაოსის, ჭორაობის, ქუჩაში სირბილის დრო, შრომის დროა და თუ ვიღაცას ეს არ შეუძლია, გზა ახალგაზრდებს დაუთმოს
პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ჭორაობის და ქაოსის დრო აღარ არის, შრომის დროა და თუ ვიღაცას ეს არ შეუძლია, გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.
„აღარ არის დრო ჭორაობის, მიტინგების, ქუჩაში სირბილის, ქაოსის, შრომის დროა და თუ ვიღაცას ეს არ შეუძლია, ახალგაზრდას უნდა დაუთმოს გზა. იმდენი კარგი ახალგაზრდაა და ხანდახან იტყვიან ხოლმე, რომ საქართველოში არის კადრების პრობლემა. არ არის საქართველოში კადრების პრობლემა, მე ვარ ამის მოწმე. ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პრემიერი, მე არ გამჭირვებია ადამიანების პოვნა. მთავარია, არ ეძებო ნათესავი, მეზობელი, ბიძაშვილი და ეძებო ღირსეული, განათლებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. უეჭველად იპოვი იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ბევრია. ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი აქ არის, თავის საქმეს აკეთებს და საერთოდ ხმაური არ უნდა. დაიღალა უბრალოდ ხალხი, დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.