გიორგი გახარია - თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის
ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა, ისევე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების. ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში მოხმარდეს მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება.
„ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში მოხმარდეს მათ, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება-ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, კლინიკებში მართვა, ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მოქალაქეები ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველა მეტად სჭირდებათ 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვეჭირა ეს ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რადგან პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა გახარიამ.