გიორგი გახარია - ადამიანს ზოგან წყალი არ აქვს, ზოგან გზაა გასაყვანი, ზოგან დენი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნებში გავიმარჯვოთ და ხალხს ეს ყოველდღიური პრობლემები სწრაფად მოვუგვაროთ
ადამიანს ზოგან წყალი არ აქვს, ზოგან გზაა გასაყვანი, ზოგან დენი არ არის, არავინ ამბობს, რომ ეს ყველაფერ დღეს მოხდა, ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს უკვე ეს ყველას დაავიწყდა. ჩვენი მიზანია ქაოსი დავასრულოთ, არჩევნებში გავიმარჯვოთ და ხალხს ეს ყოველდღიური პრობლემები სწრაფად მოვუგვაროთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ზესტაფონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც დღეს პარტიის ახალი ოფისი გახსნა.
„ზესტაფონში დღეს პირველად ვხსნით ოფისს კი არა, ჩათვალეთ რომ სახლს ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ამ სახლში და ოჯახში მხოლოდ ღირსეული ადამიანები იყვნენ, რამდენიმე მარტივ პრინციპს და ფასეულობას გეტყვით, რაზეც და რის ირგვლივადაც და როგორც უნდა ვიმუშაოთ.
პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული – საიდან მოვდივართ, რას ვაკეთებდით – იქ ჩვენ ბევრი კარგი საქმეც გაგვიკეთებია და ბევრი შეცდომაც დაგვიშვია, მაგრამ ეს ჩვენი წარსულია და ამას ვერავინ წაგვართმევს. ამიტომ, ჩვენ არ ვართ იმ ღირსების ხალხი, რომ ჩვენი წარსული ვლანძღოთ და ვაძაგოთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს კარგი და უნდა ვგრძნობდეთ პასუხიმგებლობას იმაზე, რაც ვერ გავაკეთეთ და იმიტომ უნდა ვიდგეთ აქ.
ყოველთვის ღირსეულად უნდა მოვექცეთ ჩვენს ნებისმიერ ოპონენტს და არანაირი ჭორაობა, გინება, ცემა-ტყეპა და ის უბედურება და ქაოსი, რაც ახლა პარლამენტში და პოლიტიკაში საერთოდ ხდება, ამას თავი უნდა დავანებოთ. როგორც არ უნდა მოგვწონდეს და არ უნდა გვსიამოვნებდეს, ოპონენტი ოპონენტია და იმას ნორმალურად უნდა მოვექცეთ, ჩვენ ისე კი არ უნდა მოვექცეთ, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც ჩვენ ჩვენი ღირსება ამას გვკარნახობს“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მიერ მართული წინასაარჩევნო პროცესი 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ წინასაარჩევნო კამპანიას შეადარა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მართლაც ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ახლა ყველანი ვხედავთ, სამწუხაროა, ეს ყველაფერი და ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ „ოცნება“ ძალიან სწრაფად ემსგავსება „ნაცებს“, ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ემსგავსება იმას, რაც 2012 წელს იყო, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ ჩვენი ღირსების შენარჩუნებით უნდა წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის და სიგიჟის გარეშე ამ ქვეყანას მივცეთ შესაძლებლობა, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად, რომ რიგით ადამიანს, რომელიც დღეს ყველას დაავიწყდა, მივხედოთ. დღეს პოლიტიკოსები და პარტიები ერთმანეთს ედავებიან, რაღაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მერე ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ, ვიღაცა ვიღაცას პარლამენტში ლანძღავს, ვიღაცა ვიღაცას სცემს, იქ ვიღაცა მიტინგს აწყობს და ადამიანი საერთოდ არავის აღარ ახსოვს. ადამიანს ზოგან წყალი არ აქვს, ზოგან გზაა გასაყვანი, ზოგან დენი არ არის, უმუშევრობაა, ლარის კურსი და კიდევ ბევრი რამ. არავინ იმას არ ამბობს, რომ ეს ყველაფერ დღეს მოხდა. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს უკვე ეს ყველას დაავიწყდა და რაღაც ილუზიებში არიან და ეიფორიაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს ქაოსი დავასრულოთ, ეს საარჩევნო ციებ-ცხელება გადავიაროთ, ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ და დავბრუნდეთ მერე და ხალხს ეს ყოველდღიური პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად მოვუგვაროთ“, – ამბობს გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მუნიციპალიტეტში წარმომადგენლების არჩევა ადგილობრივების გადასაწყვეტია და პარტიის შიდადემოკრატიული მექანიზმი პრინციპულად იქნება ასეთი.
„მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ეს ოჯახი ღია იქნება თქვენი როგორც მოსაზრებების, ისე პრობლემების მოსასმენად და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ზესტაფონს წარმოადგენდეს კეთილსინდისიერი, ღირსეული ადამიანები და რაც მთავარია ახალგაზრდები. აგერ ნახავთ, მაქსიმალურად ახალგაზრდებისთვის გზა იქნება ღია, როგორც სიაში, ასევე მაჟორიტარებად. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თქვენი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში თქვენი არჩეულები უნდა იყვნენ. მერიც თქვენი არჩეული უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ღირსეული ადამიანი. ვერ ართმევს თავს? მაშინ სხვას უნდა დაუთმოს ადგილი. ეს კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, ძმაკაცი და კლასელი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ და ღირსებას, ცოდნას და კომპეტენციას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გრძელვადიანი მიზნები აქვს და სტაბილურ პარტიად ყალიბდება და ეს არ არის ერთი და ორი არჩევნებისათვის შექმნილი პარტია.
„იცოდეთ, რომ დღევანდელი დღიდან ჩვენ რასაც ვაკეთებთ – პირველი, ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის და მეორე, ვამზადებთ პარტიას შემდგომი არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს გრძელვადიანია. არავის არ ეგონოს, რომ ერთ არჩევნებზე ვფიქრობთ, არა, ეს არის გრძელვადიანი. ამიტომ, ეს სახლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არჩევნების მოგება ეს პარალელური პროცესია. იცოდეთ, რომ ეს წარმატება ყველას საერთო წარმატება იქნება და ერთად უნდა მივაღწიოთ ამ წარმატებას“, – განაცხადა გახარიამ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.